logo
ENG



"მტკიცედ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას" - EU-ის ელჩი კარვების კანონზე

06 ოქტ 202310:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/mng4uw33m7ap1eu.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მიღებულ გამკაცრებულ ცვლილებებს ეხმაურება. ელჩის თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

"ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ. მე რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერი სახის ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული. მაგრამ, მეორე მხრივ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

5 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.

 

 


close დახურვა